პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა მისი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული პარლამენტის დადგენილების პროექტის – „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“ პლენარულ სხდომაზე განხილვის საკითხზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აღნიშნული დადგენილების პროექტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე განიხილა და მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგშიც დევს, თუმცა ბოლო საკითხებად. გიორგი კანდელაკმა პარლამენტის თავმჯდომარეს დადგენილების პროექტის წინა საკითხად გადმოწევის წინადადებით მიმართა. აღნიშნულ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა.
„გთხოვთ ნუ გააიგივებთ ოკუპაციის საკითხს, როგორც პოლიტიკურ საკითხს და როგორც ჩვენი ქვეყნის გამოწვევას, თქვენს დადგენილებასთან. თქვენი დადგენილება ჯერ კიდევ არ არის ერთი და იგივე რაც ქვეყნის ოკუპაციის და დეოკუპაციის საკითხი. ეს არის თქვენი ინიციატივა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ პროექტია და ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ნებისმიერ შემთხვევაში მისი გაიგივება ოკუპაციის პრობლემასთან, რომელიც არის მთელი ქვეყნის პრობლემა ვერ მოხდება. ჩვენ არც კომიტეტზე ავარიდეთ თავი მის განხილვას და არც პლენარულზე ავარიდებთ, იმიტომ რომ ძალიან მყარი არგუმენტები და პოზიციები გვაქვს. კიდევ ერთხელ გეუბნებით როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ოკუპაციის და დეოკუპაციის სტრატეგია, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის საერთო ეროვნული საკითხი, აქ ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტიკურ დაპირისპირებას ვინმესთან, ვისაც გულით სჯერა და მართლაც სურს გააკეთოს საქმე, რომელიც დეოკუპაციას ემსახურება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენელს უმრავლესობის ლიდერთან კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პარლამენტი მზად არის გადმოწიოს საკითხი თუ დადგენილების პროექტის ავტორებს მისი დღის წესრიგში არსებული ადგილი არ მოსწონთ. ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც საკომიტეტო სხდომის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსვლა მოითხოვა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „მინისტრის საათის“ ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა მომავალ სასესიო კვირაში იგეგმება, მინისტრი პარლამენტში უფრო ადრე მოვა, რათა უპასუხოს არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ყველა დეპუტატის კითხვებს.
„სწორედ ამიტომ ჩვენ გადმოვწიეთ და დავაჩქარეთ მისი მოსვლა პარლამენტში. ეს რა თქმა უნდა, არ აუქმებს კომიტეტზე მისი გამოცხადების საკითხს, რომელიც თქვენ გაქვთ მოთხოვნილი. ჩემი ინფორმაციით, დავით ზალკალიანი ამჟამად მივლინებაში იმყოფება და თარიღი დასაზუსტებელია, დამატებით ინფორმაციას კომიტეტი მოგვიანებით მოგაწვდით“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 1-4 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ახლად დამატებულ განსახილველ საკითხების რიგითობა განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები მოისმინეს.