შალვა კერესელიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

30/09/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებისგან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე დეტალური ანგარიში მოისმინა. სოფელ მუხრანში, რამდენიმე დღის წინ, ახლადრეაბილიტირებული კულტურის სახლი და ბიბლიოთეკა გაიხსნა. მიმდინარეობს ყოფილი კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაცია ქალაქ მცხეთაში და კულტურის სახლის რეაბილიტაცია სოფელ ნატახტარში. გარემონტდა 5 საჯარო სკოლა მუნიციპალიტეტში. მოეწყო სველი წერტილები და შესრულდა სხვა აუცილებელი სამუშაოები. ამ ეტაპზე, კიდევ 3 სკოლის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. 2019 წელს, ნატახტარში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღიც გაიხსნა. რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის სისტემას სოფელ ბიწმენდში. ასევე, ინტენსიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტება სოფლებში – ჩარდახი, გოროვანი, წიწამური, ფრეზეთი და ნაფეტვრები. მხარის რწმუნებულმა, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხებიც განიხილა. იმსჯელეს მომავალი წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე.

„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მცხეთის მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობა შევაფასეთ და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, მიმდინარე წელი მუნიციპალიტეტისთვის წარმატებული იყო. პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულდა, ნაწილიც დასრულების ეტაპზეა. სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან ერთად ვმუშაობთ, რათა 2020 წელი მცხეთისთვის და მთლიანად რეგიონისთვის კიდევ უფრო აქტიური იყოს“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია რეგიონში მიმდინარე პროცესებს და არსებულ საჭიროებებს რეგულარულად ეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0