რუხში ინოვაციების ფესტივალი გაიმართა

30/09/2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მისმა მოადგილეებმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ და სხვადასხვა უნივესრიტეტების წარმომადგენლებმა.
ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმს ხელი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მოაწერეს.
ფესტივალის დახურვის ცერემონიის ფარგლებში, რუხის ციხის ტერიტორიაზე ზუგდიდის სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა, რომელიც საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული: უმაღლესმა სასწავლებლებმა წარმოადგინეს სამეცნიერო პროექტები, ლაბორატორიული ცდები, სტუდენტების მიერ დამზადებული სხვადასხვა მოწყობილობა და ნაკეთობა.

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა: სამეცნიერო პიკნიკები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, გამოფენები, პრეზენტაციები, სამეცნიერო-პოპულარული ექსპერიმენტები, პერფორმანსი, სამეცნიერო შოუ, ვიქტორინები, სპეციალური ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვა. ზუგდიდამდე სამეცნიერო პიკნიკები თელავში, ქუთაისში, ბათუმში და თბილისში გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ცენტრები, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, სამეცნიერო სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები.
2019 წელს ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0