რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ და „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.
მომხსენებელმა პარლამენტის წევრებს ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლების და პარამეტრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა 2019 წელს 4, 7 %-ით არის დაგეგმილი. პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 4.7 % შეადგინა.
2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მილიარდ 126 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს 6 320 ათასი საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტორი ეწვია რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 7,2 %-ით აღემატება.
მომხსენებელმა ასევე წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოს 2019 წლის იანვარ-ივნისის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ. მისი თქმით, 2019 წლის იანვარ-ივნისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 918 081.5 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 5 038 684.7 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.9%-ია. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 2 მილიარდი ლარით. 6 თვეში გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 673 მილიონი ლარი, რაც შესრულების 100 პროცენტიანი მაჩვენებელია. გიორგი კაკაურიძემ ასევე ისაუბრა მუნიციპალიტეტების მიერ საბიუჯეტო შესრულების მონაცემებზე. მისი თქმით, გარდა მუნიციპალური პროექტებისა, რამდენიმე ახალი მიმართულება იქნა დაწყებული. მათ შორის, ამბულატორიების მშენებლობის მიმართულებით 23 მილიონი ლარია გამოყოფილი, სტიქიის პრევენციაზე 17 მილიონი ლარი და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხა 40 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი.
„სწორედ შესრულებიდან გამომდინარე განხორციელდა ცვლილებები ბიუჯეტში და ცვლილებების აუცილებლობის ორი ძირითადი მიზეზია. განათლების სისტემის რეფორმის ნაწილში გათვალისწინებულია დამატებით 75 მილიონი ლარის გამოყოფა და მეორე საკითხი, რის გამოც აუცილებელი გახდა ბიუჯეტში ცვლილებები, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები. მუნიციპალური პროექტები, რომელიც 130 მილიონი ლარით იზრდება და პროექტები, რომელიც ფინანსდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე წარმოადგინა მონაცემები საბიუჯეტო ხარჯვის შესახებ.
მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტის წევრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გააცნო.
მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი კანონის პროექტის მიზანია შექმნას სამართლებრივი საფუძველი ირიგაციის დარგის განვითარებისთვის და არეგულირებს ირიგაციის სფეროში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობასა და ურთიერთობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო ორგანოებთან.
პროექტით განისაზღვრება რიგი ტერმინები. აგრეთვე განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების უფლებები და მოვალეობები, გაიწერება ამ ორგანიზაციების მართვის ორგანოები და წესები. ამასთანავე დგინდება, თუ რა წესით უნდა გადაწყდეს დავები წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებსა და მათთან ურთიერთობაში მყოფ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს შორის. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ გარდა ამისა, ცვლილება შევიდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც აღსრულებას დაექვემდებარება სსსიპ – წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის/ორგანიზაციების უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების შესახებ. კომიტეტის სხდომაზე, დღესვე, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ორი სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილეს.
„საქართველოსა და აზიის განვითრების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზის პროექტი)“
2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირა.