საქართველოს პრეზიდენტმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
“როცა საზოგადოება შფოთავს ჩემს რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს ჩემთვისაც დიდი წუხილია.
შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება, ან სასამართლო გადაწყვეტილების რევიზია. შეწყალება არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის ქვეშ მიღებული სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება. ეს არის გარემოებების, მოცემულობის შეფასება გაკეთებული ადამიანის – პრეზიდენტის მიერ, რომელიც არ გამორიცხავს არც შეცდომასა და არც იმავე გარემოებების მიმართ სხვის შეფასებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა დღეს სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის გადაიხედოს შეწყალების წესები და ის პარლამენტში სამუშაო ჯგუფმა შეიმუშაოს.
“აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით შეწყალების ახალ წესებს, რომელიც გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტიის წარმომადგენელი შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ შეწყალების იდეალურ წესებს, რათა აღარ მოხდეს საზოგადოების ასეთი შეშფოთება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა, შექმნილი
ვითარებიდან გამომდინარე და შეწყალების ახალი წესების შემუშავებამდე შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებაში სხვადასხვა ადამიანის ჩარევასთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია, მათ შორის ჩემი საპარლამენტო მდივნის შესახებ, რომელიც სწორედ მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, არ იყო ჩართული ამ პროცესში.
“მისგან არ მიმიღია არანაირი რჩევა და არც არავის უკითხავს მისთვის აზრი, რას ფიქრობდა რომელიმე ამ გადაწყვეტილებაზე.
ეს სპეკულაციები უნდა დამთავრდეს მასზე, თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მივიღე და არ მჩვევია, რომ ვინმეზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას ამ შემთხვევაში საზოგადოების წუხილი აწუხებს.
“რაც ეხება მედიააჟიოტაჟს, რომელიც ხდება რეგულარულად, წარმატებული ვიზიტისას, უცხოეთში წასვლის წინ, ან დაბრუნებისას ქვეყნისთვის ძალიან დამაზარალებელია. სწორედ ამ კვირის ბოლოს მივემგზავრები გაეროში, გენერალურ ასამბლეაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება და იმედი მაქვს, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი იქნება ქვეყნისთვის. უნდა შევიგნოთ, რომ როცა მე ვარ უცხოეთში, არ წარმოვადგენ მხოლოდ საქართველოს და საქმეც საქართველოსთვის კეთდება.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მე არ ვარ ჩვეული კონსპირაციულ თეორიებს. ნიუ-იორკში მალულად არავისთან შეხვედრას არ ვაპირებ. თუ ვინმეს შევხვდები ყველას გეცოდინებათ. ჩემი განრიგი ცნობილი იქნება თქვენთვის, როგორც კი დაზუსტდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.