ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – ყანობის, გორისციხის, ფხელშესა და ტყარშეტის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ყანობში ახალაშენებული ხიდი და ხიდამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზაც მოინახულეს. კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ადგილობრივი მოსახლეობა უკვე სარგებლობს. ყანობში რამდენიმე თვის წინ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღიც აშენდა. აღსანიშნავია, რომ სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არასოდეს ყოფილა.
ასევე, დაგეგმილია სოფლების – გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გორისციხის ამბულატორიას. მიმდინარეობს სოფელში არსებული საჯარო სკოლის რემონტიც. კეთილმოეწყობა სკვერი სოფელ ფხელშეში. უახლოეს პერიოდში დაიწყება რიტუალების სახლის რეაბილიტაცია სოფელ ტყარშეტში.
შეხვედრებზე მოსახლეობამ სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა. ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღების მშენებლობა დასახელდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მხარდაჭერა აღუთქვეს და სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და პარლამენტის დეპუტატები – ზაზა გაბუნია, მირიან წიკლაური და ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს
29/08/2019