მეტეოროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის WMO Climate Watch Advisory-ს და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, აგვისტოს ბოლო დეკადაში პროგნოზირებულია ცხელი ამინდით განპირობებული თბური ტალღები, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას, ასევე აღმოსავლეთ ბალკანეთს და მათ შორის საქართველოს მოიცავს. მაღალი ტემპერატურა ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გარკვეულ ზეგავლენას, თუმცა რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან:
75 წლისა და მეტი ასაკის პირები;
ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები;
ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები;
გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები;
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები;
გარკვეულ მედიკამენტებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის ძლიერ გამოყოფასა და თერმორეგულაციაზე;
ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები;
მაღალი ფიზიკური აქტივობით დაკავებული პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები და ა.შ.)
საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციები სასურველია გათვალისწინებულ იქნას ხუთი ძირითადი მიმართულებით:
შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე
შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C, ხოლო ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებული პირებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვს.
ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილეა.
დღისით შეამცირეთ სიცხის შეღწევა სახლში – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.
ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია.
ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35°C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35°C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულპრობლემებს.
მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. განსაკუთრებით რეკომენდებულია მინერალური წყლების მიღება, მარილების მცირე და საშუალო დონის შემცველობით
თავი აარიდეთ სიცხეს
შეარჩიეთ ყველაზე გრილი ოთახი თქვენს საცხოვრებელ სახლში, მათ შორის ღამით ძილისათვის.
თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერიკონდენციონერით გრილდება).
მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას.
დაისვენეთ ჩრდილში და თავი აარიდეთ მზის გულზე ყოფნას
არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებში!
გაიგრილეთ სხეული და დაიცავით ორგანიზმი გაუწყლოებისაგან
მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.
ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
დაეხმარეთ სხვებს
ცხელ ამინდში ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები გააცანით თქვენს ახლობლებს – ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, განსაკუთრებით მათ ვინც მარტონი არიან.
ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც.
თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ ყოველდღიურად.
თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად ღებულობს რომელიმე მედიკამენტს, კითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე.
თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერენეტის საშუალებით.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ
თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა.
მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომებიერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.
თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე.
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან სხვა პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები.
დამატებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები ცხელ დღეებში ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებით განთავსებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
ვებ გვერდი – www.ncdc.ge
ფეისბუქი – National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),