ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის საკითხები მოისმინეს, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობას ყველზე მეტად აწუხებს და მათ მხარდაჭერა აღუთქვეს. ასევე, ისაუბრეს სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მიზნობრივი პროგრამების შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რამდენიმე თვის წინ, დევნილთა დასახლებაში ახალი სკოლის მშენებლობა დააანონსა. მიმდინარე წელს, ფრეზეთში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნება. ბაღის მშენებლობა ამ ეტაპზე დასრულებულია. მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა. წეროვანში სანიაღვრე არხების მოწყობა დაიწყო. მოასფალტდება შიდა გზების ნაწილი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება დასახლებაში არსებულ სპორტულ მოედანს. მიმდინარეობს არჩილ ტატუნაშვილის მემორიალისა და სკვერის მოწყობის საპროექტო სამუშაოები წილკნის დევნილთა დასახლებაში. ასევე, დაგეგმილია მრავალფუნქციური დარბაზის მშენებლობა წილკანში და ღია სცენის გადახურვა და კეთილმოწყობა წეროვანში.
დევნილმა მოსახლეობამ მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებებად წყალმომარაგების გაუმჯობესება, სანიაღვრე არხებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაასახელა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის გზებზე იმსჯელეს.
„შევხვდით წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას და მათთან ერთად სოფლებში არსებულ პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეხვედრები შედგა და ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად ვმუშაობთ, რათა დევნილ მოსახლეობას ცხოვრების ადეკვატური პირობები შევუქმნათ და განსახორციელებელი პროექტები მათ საჭიროებებს მაქსიმალურად მოვარგოთ“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაცია მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონის მასშტაბით უკვე 9 სოფლის საჭიროებებს გაეცნენ.