ქვეშეთი-კობის მისასვლელი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

15/08/2019

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ახალ გზას ჩინური კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” ააშენებს. 13 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე თევდორაძემ და კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” -ის საქართველოში მუდმივმოქმედი ფილიალის გენერალურმა მენეჯერმა იანგ იუბინმა.
კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ 2002 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილესი მშენებელი კომპანიის სახელით ცნობილი, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ არსებული უმსხვილესი საწარმოს „China Railway Construction Corporation Limited“-ის ფილიალს. კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში, დაასრულა 410 კმ საერთო სიგრძის ხიდების მშენებლობა და 610.1 კმ გვირაბების მშენებლობა. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული 153 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში და მთლიანობაში შესრულებული აქვს 1200 კმ-ზე მეტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტები. მისი მშენებლობის წლიური მოცულობა 20,000,000 მ³-ს აღემატება.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას, ახალი გზა კი აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.
გზა, ასევე, გააუმჯობესებს ზამთრის სეზონზე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს ახალი გზა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობენ ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას.
პროექტის ზემოქმედების ზონაში მოხვდება ხეობის 9 სოფელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0