საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, – ამის შესახებ საქართველოა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბაკურიანში, აგვისტოს ომთან დაკავშირებით “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურმა გორში 8 აგვისტოს დევნილებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომლებმაც საკუთარი სახლები ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დატოვეს.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ მათ შორის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც დგას თქვენი ტელევიზიის უკან, ამტკიცებდა, რომ თურმე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაწყებულა 2008 წელს. მე 8 აგვისტოს ვიყავი გორში და შევხვდი ჩვენს დევნილებს, რომლებიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში იყვნენ იძულებული, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი. როდის დაიწყო საქართველოს ოკუპაცია, ამაზე არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაცია. ამაზე პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი, რომ 90-იანი წლების დასაწყისში. რაც შეეხება 2008 წელს, ბუნებრივია ამისთვის რუსეთი ძალიან დიდხანს ემზადებოდა. ეს ყველაფერი იყო ძალიან ხილული. მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ, როგორ მზადდებოდა ინფრასტრუქტურა, რომ ეს ინტერვენცია განხორციელებულიყო. ეს განსაცდელი ერთ დღეში ციდან არ ჩამოვარდნილა. ამისთვის ემზადებოდნენ და ჩვენ გვქონდა 90-იანი წლების ძალიან მწარე გამოცდილება”. – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, პრემიერმა უპასუხა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ 2008 წლის აგვისტოს ომი არა თუ არ აიცილა თავიდან, არამედ თავისი უპასუხისმგებლო პოლიტიკით გახადა შესაძლებელი ოკუპანტი ძალის მიერ საოკუპაციო გეგმის რეალიზაცია.
“ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები”,- განაცხადა პრემიერმა.