თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დაასრულა. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალერა.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე გზა საერთოდ არ არსებობდა და გადაადგილების თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობა იყო. სამუშაოების შედეგად, ხუთკილომეტრიანი გზა მთლიანად მოვაწესრიგეთ. ასევე, დავამონტაჟეთ განათების ბოძები, რომელიც რამდენიმე დღეში განათდება. ამ გზის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ მიწების ფასმა უკვე ზრდა დაიწყო, იმის გამო, რომ კაპიტალურად მოწყობილი და ყველანაირი სტანდარტის დაცვით გაკეთებული გზაა. აქ ამოსვლა უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი. ულამაზესი ადგილია, არაჩვეულებრივი ხედებით – არის ბუნებრივი აირი, ხოლო მომავალ წელს წყლის პრობლემა მთლიანად მოგვარდება. ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის არ არსებობს ქალაქის დაყოფა ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად. ჩვენთვის ყველაფერი პრიორიტეტულია, რაც პრობლემას წარმოადგენს. ცხადია, არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველაფერი უცებ მოვაგვაროთ, მაგრამ ეტაპობრივად, პრიორიტეტების მიხედვით, ყველგან შევდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი მოეწყო და ასფალტის საფარი 42 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 804 000 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები მამუკა მდინარაძე და ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.