ხაშურის სპორტკომპლექსის საკონფერენციო დარბაზში ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრას უძღვებოდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ირინა შამილაძე და ამავე ცენტრის მოწვეული სპიკერი, თავდაცვის ინსტიტუციური სკოლის წარმომადგენელი, საინფორმაციო ომების მკვლევარი დავით ძიძიშვილი.
დავით ძიძიშვილი აუდიტორიას ესაუბრა საქართველოს ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ამ გზაზე არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია. აღინიშნა, რომ რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს იმ უარყოფითი ცრუ მითების მსხვრევას, რაც საზოგადოებაში სხვადასხვა პროპაგანდისტული გზებით ვრცელდება. შეხვედრა აშშ საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით მოეწყო
ხაშურში, ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
30/07/2019