დავით შერაზადიშვილმა სოფელ რატევნის საჯარო სკოლისა და ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სოფელ რატევანს ესტუმრა. მერი რატევნის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სკოლაში რეაბილიტაცია უტარდება საპირფარეშოს, რომელიც შშმ პირებისთვისაც იქნება ადაპტირებული. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ძველი ხის ფანჯრები მეტალოპლასტმასით ჩანაცვლდა, გადაიხურა შენობის სახურავი და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ასევე პანდუსის მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს. დავით შერაზადიშვილმა დღეს სოფლის ამბულატორიის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მოინახულა. პროექტის ფარგლებში მოხდება სველი წერტილების მოწყობა და გარემონტდება ამბულატორიული კაბინეტი.
„მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს კეთილმოწყობილ სკოლაში შეხვდებიან, რაც ვფიქრობ მათ სწავლისთვის მეტ სტიმულს მისცემს. აღსანიშნავია, რომ სკოლის საპირფარეშო ადაპტირებული იქნება და შენობის შესასვლელში ასევე მოეწყობა პანდუსი, ეს კი სკოლაში თანასწორუფლებიან გარემოს შექმნის. დღეს ასევე ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გავეცანი, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და მოხარული ვარ, რომ სულ მალე რატევნელები გარემონტებულ კაბინეტში შესაბამის სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.