შალვა კერესელიძე ფრეზეთის მოსახლეობას შეხვდა და სოფელში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა

16/07/2019

მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთის მოსახლეობას შეხვდა, მათთვის აქტუალური საკითხები დეტალურად მოისმინა და მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
ფრეზეთში უახლოეს პერიოდში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება. პროექტის განხორციელების შედეგად, ბუნებრივი აირით სოფელში მცხოვრები ყველა ოჯახი მომარაგდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა საუბნო გზებს და ფრეზეთი-უფურეთის დამაკავშირებელ გზას.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღიც გაიხსნება. ბაღის მშენებლობა ამ ეტაპზე დასრულებულია. დაგეგმილია შენობის აღჭურვა და ეზოს კეთილმოწყობა.

„სოფლების მხარდაჭერისთვის აქტიურად ვმუშაობთ. მოქმედებს არაერთი სახელმწიფო პროგრამა, მიმდინარეობს და იგეგმება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება რეგიონის მასშტაბით. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მოსახლეობას ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები და სოფლებიდან წასულ ოჯახებს დაბრუნების მოტივაცია შევუქმნათ“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ადგილობრივებთან საუბრისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0