მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.
ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმის მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ორ-სართულიანი შენობა აშენდება, რომელშიც გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა და მუზეუმის აღჭურვა.
„გოდერძი ჩოხელი ნიჭიერი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი იყო, რომლის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს. სახლ-მუზეუმი ჩვენს მოქალაქეებს, ჩამოსულ ტურისტებს, გოდერძის შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო ახლოს გაეცნონ მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას“ – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით და მისი ღირებულება 397 000 ლარს შეადგენს.