Danfoss Group-ი საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის

02/07/2019

მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის წარმოების სფეროში მსოფლიოში ლიდერი დანიური კომპანია Danfoss Group-ი ოქტომბერში საქართველოში ოფისს გახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და Danfoss Group-ის თავმჯდომარე იორგენ კლაუსენის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერი კომპანიის ხელმძღვანელს ესაუბრა ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს, დაბალი გადასახადებისა და იმ შეღავათების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მსხვილ კორპორაციებს რეგიონული ოფისების საქართველოში გახსნის შემთხვევაში სთავაზობს.
იორგენ კლაუსენის ინფორმაციით, Danfoss Group-ი ასევე გეგმავს, დაეხმაროს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და ახალი კვლევითი ლაბორატორიის შექმნაში, რასაც 25 ათასი დოლარით დააფინანსებს.
მთავრობის მეთაური მიესალმა კომპანიის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ განათლება არის ეროვნული იდეა და ეს სფერო საქართველოში, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით, ანუ ბიუჯეტის 25%-ით დაფინანსდება.
პრემიერ-მინისტრმა Danfoss Group-ს მხარდაჭერის მზადყოფნა დაუდასტურა და კომპანიის ხელმძღვანელობას საქართველოში საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ კომპანიის თავმჯდომარე იორგენ კლაუსენი საქართველოს ოქტომბერში ეწვევა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს უშუალოდ შეისწავლის.
Danfoss Group-ი აწარმოებს და ემსახურება საკვები პროდუქტების სამაცივრე მეურნეობებს, ჰაერის კონდიცირების სისტემებს, შენობების გათბობის, ელექტრონული ძრავების კონტროლის მოწყობილობებს, ბუნებრივი აირის კომპრესორებს, სხვადასხვა სიხშირის ძრავისა და ელექტროენერგიის მობილურ დანადგარებს.
კომპანია მსოფლიო მასშტაბით 71 საწარმოს, კვლევებისა და განვითარების 23 ცენტრს ფლობს. პროდუქციის რეალიზაციის პუნქტები განთავსებულია 50 ქვეყანაში. კომპანიას, რომლის წლიური შემოსავალი 6 მილიარდ ევროს აჭარბებს, 28 000 თანამშრომელი ჰყავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0