ოზურგეთში ევროპის ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა.თეატრალურ მოედანზე გაიმართა პროექტის ფარგლებში შექმნილი თემატური კედლის ინსტალაციისა და პროექტის „მწვანე ეკონომიკა ქალაქის უკეთესი მომავლისათვის“ პრეზენტაცია.
პროექტს ახორციელებს თავისუფალი მედია სივრცე, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებს.
მოეწყო საბავშვო თეატრის პერფომანსი „დაზოგე ელექტროენერგია ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის და“ასფალტზე ხატვა.
ღონისძიებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
” ენერგეტიკის დღეების აღნიშვნით ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს, ვაცნობთ თუ რატომ არის მდგრადი ენერგეტიკა მნიშვნელოვანი, როგორ მოვიპოვოთ უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგია. ჩვენ, ჩვენის მხრივ ასევე, გვინდა გლობალური კლიმატური ცვლილებების საკითხებში მოკრძალებული წვლილიც შევიტანოთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეგიონული ადგილობრივი მთავრობის მიზანი მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკის ჩამოყალიბებაა და ამას ნამდვილად ცხადჰყოფს მიმდინარე პროექტები და პროგრამები. ჩვენ, მხარს ვუჭერთ ენერგიის დაზოგვის სხვადასხვა ინიციატივას და მომავალშიც განვაგრძობთ მოძრაობას მეტად სუფთა, უსაფრთხო და ეფექტური ენერგეტიკის მიმართულებით” – განაცხადა გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, საქართველოს 23 მუნიციპალიტეტთან ერთად, მერების შეთანხმების მემორანდუმის ხელმომწერია. პროგრამა – „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით – კლიმატის ცლილებებისა და ენერგეტიკისთვის“ ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და მისი მიზანია ხელმომწერმა მუნიციპალიტეტებმა, 2030 წლისათვის მინიმუმ 30%-ით შეამცირონ CO2 -ის და სხვა სათბური აირების ემისია საკუთარი ტერიტორიებიდან ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების საშუალებებით. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრი.