საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 27 ივნისს 12 საათზე პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება.
ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ჩუგოშვილმა საორგანიზაციო საკითხები გააცნო კოლეგებს. მისი თქმით, პარლამენტში შემოსულია შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წერილობით მიმართვა, რომელიც 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე სასესიო კვირაში შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტის ტრიბუნა დაეთმობა. საპარლამენტო ოპოზიციამ, ბიუროს სხდომაზე მოითხოვა აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებულ რეზოლუციაზე ემსჯელათ.
ამ საკითხმა ბიუროს სხდომაზე აზრთა სხვადსხვაობა გამოიწვია. რამდენადაც რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირებული არ არის და თამარ ჩუგოშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა და უმრავლესობის წევრმა ოთარ დანელიამ ოპოზიციონერ კოლეგებს რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურები განუმარტეს. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს. დღის წესრიგის მიხედვით, მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართვას, 2019 წლის 21 ივნისიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს.
დღის წესრიგშია ასევე საპარლამენტო უმრავლესობის მიმართვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის არჩევის საკითხი.
მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტს წარუდგენს „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს“.
ბიურომ სასესიო კვირაში კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხებიც განსაზღვრა. იმსჯელეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივების კომიტეტებში განხილვის თაობაზე. პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ 12 საათზე გაიმართება.
მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარდგებიან
24/06/2019