2019 წლის 20-21 ივნისს, რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.
საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება აქციის ცალკეულ მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალისა და კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების სრულყოფილად გამოძიების მიზნით.
საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად უკიდურესად მნიშვნელოვანია შეიქმნას მომხდარის სრული სურათი, რათა რეაგირების გარეშე არ დარჩეს არც ერთი მცირედი სამართალდარღვევაც კი.
ამ მიზნით პროკურატურა თხოვნით მოგმართავთ რომ ჩვენს მიერ საპროცესო ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალის გარდა, მოგვაწოდეთ თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულება, რათა გამოძიებით გამოკვეთილ ყველა გადაცდომასთან და დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ამასთან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საგამოძიებო პროცესის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა, საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, პროცესში ჩართოს საქართველოს სახალხო დამცველი იმ ფარგლებში, რაც საჭირო იქნება გამოძიებაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქციის სათანადოდ განსახორციელებლად.
შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად უკიდურესად მნიშვნელოვანია შეიქმნას მომხდარის სრული სურათი
24/06/2019