ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-8 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
დუისის საკონსულტაციო ცენტრის გახსნის ღონისძიებას იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსი – რაჟდენ კუპრაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – დავით მათიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. სამართლებრივი კონსულტაცია გაიცემა ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ საკითხზე, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება იურიდიული დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში – სასამართლოში, თვითმმართველობებში, სოციალური მომსახურების სააგენტოში და ა.შ.
დღემდე ქვეყნის მასშტაბით, იურიდიული დახმარების სამსახურის 12 ბიურო და 7 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს.
იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებში დამატებით ამოქმედდება იურიდიული დახმარების სამსახურის 2 ბიურო და 9 საკონსულტაციო ცენტრი.
სოფელ დუისში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა
24/06/2019