სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების სასახლის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

13/06/2019

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” დაფინანსებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების სასახლის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ერისთავების სასახლის რეაბილიტაციის პროცესში XIX საუკუნის არქიტექტურული ნაგებობის ყველა კონსტრუქციული ელემენტი სრულად აღდგება. ავთენტური ფორმით განახლდება და ნაწილობრივ რესტავრირდება სასახლის კარ-ფანჯრები, რომლებიც სტრუქტურული მდგრადობის მიზნით, შენობის ყველა ხის კონსტრუქციული ელემენტის მგავსად ცვილის ლაქით დაიფარება. პირვანდელ იერსახეს ნაგებობის უნიკალური ხის აივანი მისი მოაჯირებით, ორნამენტული დეტალებითა და XIX საუკუნის ტიპიური დიზაინის შუშაბანდით დაიბრუნებს. სრულად რეაბილიტირდება შენობის სახურავი და ჭერის კონსტრუქციული წყობები. სასახლის ოთახებში გვიანდელი შპალერის ფენის მოხსნის შემდეგ ინტერიერის ფასადები ახლადგამოვლენილი ღირებული მხატვრული ფრაგმენტების მიხედვით რესტავრირდება. ინტერიერის კიბე კი კონსრუქციულად გამაგრდება და ქვის ფილებით მოპირკეთდება. სრულად აღდგება ერისთავების სასახლის მარანი და ყველა სამეურნეო დანიშნულების სივრცე. არსებული წყობით რეაბილიტირდება და კონსერვრირდება სასახლის გალავანი მისი გარსშემოსავლელებითა და სათოფურებით. სასახლის ეზოში მოეწყობა ქვაფენილები, გაიწმინდება არსებული ქვევრები და მწვანე საფარით კეთილმოეწყობა ტერიტორია.
ერისთავების სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს ფონდი „ქართუს” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელია, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
2019 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ 9 მილიონ ლარს, ფონდი „ქართუ”-ს მიერ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი დაემატება და ის სრულად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციაზე წარიმართება. დარგისკენ მიმართული ერთობლივი ფინანსური რესურსი ამ დრომდე უპრეცედენტო ოდენობას შეადგენს.
მიმდინარე წელს ფონდი „ქართუ”-ს ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილი იქნება 53 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით კი წელს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 43 არქიტექტურულ ნაგებობაზე წარიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0