ადაჟის მუნიციპალიტეტსა და დუშეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა

06/06/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ლატვიის რესპუბლიკის ქალაქ ადაჟის თვითმმართველობის მოწვევით აღნიშნულ მუნიციპალიტეტს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ბიზნესის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში. მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და ადაჟის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მარის სპრინჯუკი. მათ ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მართვის პრაქტიკის, დაგეგმილი პროექტების და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ. ადაჟის მუნიციპალიტეტი რიგასთან ახლოს მდებარეობს და ლატვიის ტოპ 10 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთია, გამოირჩევა განვითარების მაღალი დინამიკითა და უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით.
ვიზიტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს ადგილობრივი ქარხნები და გამართეს შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები. ოფიციალურ დელეგაციას თან ახლდა ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი „ქალილო“, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულ ფესტივალში „გაუიას დღეები“ და ასევე საკუთარი შემოქმედება წარმატებულად წარადგინა ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც ქვეყნის მასშტაბით, ზაფხულის პირველ კვირა დღეს ყოველწლიურად ტრადიციული ღონისძიება ტარდება. ლატვიის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, ხოლო ადაჟის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მესამე მუნიციპალიტეტია, რომელთანაც დუშეთის მუნიციპალიტეტმა დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0