საქართველოს პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

01/06/2019

საქართველოს პარლამენტმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შვილებს უმასპინძლა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე სუფთა ნაწილი და გვსურს, ძალიან დიდი სიყვარულით მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მინდა გისურვოთ ძალიან დიდი წარმატებები ცხოვრებაში და ძალიან დიდი ბედნიერება“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ პატარებს.

პატარებისათვის საქართველოს პარლამენტის ეზოში გასართობი ღონისძიებები გაიმართა. პარალელურად, ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, პარლამენტის ეზოში სპეციალურად გამოყოფილი სივრცე გუაშით მოეხატათ. ნახატები პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის მიერ შემუშავებული სლოგანების მიხედვით შესრულდა, კერძოდ: „უკეთესი მომავლისათვის“, „დამიცავი დღეს“, „გაამწვანე გარემო“, `„ცოდნას მივყავართ თავისუფლებისაკენ“, „ჯანმრთელობა კეთილდღეობის საწინდარია“ და სხვა.
ბავშვებისათვის თეატრალურმა დასმა „მეორე სახლი – 2“ სპექტაკლი – “წუნა და წრუწუნა“ წარმოადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0