ირაკლი კობახიძემ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფისში ბრიფინგი გამართა.
“დღეს მთაწმინდის ოლქში აირჩევა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში ხულოში აირჩევენ მუნიციპალიტეტის მერებს. ასევე, საკრებულოს წევრების არჩევნები ჩატარდება ქალაქ ოზურგეთში , ქალაქ ტყიბულში, ქალაქ ჭიათურაში, ასევე წყალტუბოში – გუმბრას თემში, ასევე ადიგენში – აბასთუმნის თემში, ახმეტაში – ხალაწნის თემში, საგარეჯოში უჯარმის თემში, ზესტაფონში სანახშირის თემში. არჩევნების მასშტაბი საკმაოდ დიდია. მთლიანად არჩევნებში, საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის 12 პროცენტი მიიღებს მონაწილეობას. 08:00 საათზე გაიხსნა ყველა საარჩევნო უბანი. უბნების გახსნის დროს რამე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველს მისცენ არჩევანის მშვიდ ვითარებაში გაკეთების შესაძლებლობა, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას, მათ შორის კომისიის წევრებს, წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს მისცენ საარჩევნო პროცედურებში მშვიდად მონაწილეობის საშუალება. ასევე, ჩვენს აქტივისტებს მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. არის საკითხი , რომელიც უკავშირდება ფოტოსურათიან სიებს. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, მათ შორის ჩვენი აქტივისტებისთვის, ამ სიებით სარგებლობა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ წარმოადგენს დარღვევას. ეს არის ერთერთი საშუალება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა. წინასაარჩევნო პროცესებმა ორი თვის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთერთმა მხარემ სცადა პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტანა, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.
დღეს ზუგდიდში ფიქსირდება მათი მხარდამჭერების არაპროპორციული რაოდენობა, შესაბამისად არსებობს დესტრუქციის საფრთხე. მინდა შევახსენო ჩვენს აქტივისტებს , რომ პროვოკაციებზე რეაგირება არის არა მათი, არამედ სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. შესაბამისად, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ამგვარ გადაცდომებზე რეაგირებისაგან, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების პროცესის მშვიდ ვითარებაში და დარღვევების გარეშე წარმართვა. ასევე, მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. ბოლოს მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ. მაღალი აქტივობის პირობებში შესაძლებელია ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მოქალაქეები აირჩევენ ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატს მთაწმინდაზე, ღირსეულ მუნიციპალიტეტის მერებს და ღირსეულ საკრებულოს წევრებს”- განაცხადა კობახიძემ.