საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქ.ჰელსინკში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ამ მხრივ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს მნიშვნელობას. მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური კავშირების შემდგომ განმტკიცებაზე და იმედი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში გაიმართება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ერთობლივი ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის ე.წ. JETCO პირველი სხდომა. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებში, განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს ორი ქვეყნის მნიშვნელობა და თანამშრომლობა საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა
17/05/2019