მარტში ეკონომიკური ზრდის 6-პროცენტიანი მაჩვენებელი კარგი გზავნილია ინვესტორებისთვის

30/04/2019

მარტში ეკონომიკური ზრდის წინასწარმა მაჩვენებელმა 6 პროცენტი შეადგინა, რაც კარგი გზავნილია ინვესტორებისთვის. ვფიქრობ, ეს არის კარგი სტარტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის წინ, რომელიც 1-ელ მაისს დაიწყება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების კომენტირებისას.
„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-მარტის საშუალო ზრდა 4.7 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო 2018 წლის ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტი იყო.
ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა იმ დადებით ფაქტორებზე, რომლებსაც ადგილი აქვთ ეკონომიკაში. მისი თქმით, 2019 წლის მარტში დაფიქსირდა საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება. კერძოდ, 2019 წლის მარტში საქონლის ექსპორტის 12.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 321.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ასევე გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 5.3 პროცენტით (12.4 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 244.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, მარტში 7.5 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 119.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მაღალი ეკონომიკური ზრდისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების პარალელურად მცირდება საგარეო მოწყვლადობა ქვეყანაში და იზრდება ეკონომიკის მდგრადობა შოკების მიმართ. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 7.7% შეადგინა.

„საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ინვესტორთა განწყობაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ,“ – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისი თქმით, 2019 წლისთვის დაგეგმილია მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების და კერძო სექტორის ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც გაზრდის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0