საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო უწყებაში სერბ კოლეგას ივიცა დაჩიჩის უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა მინისტრების ერთობლივ დეკლარაციას და ასევე თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის. სერბ კოლეგასთან შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და სერბეთის შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი დონის ორმხრივ ვიზიტებს, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტებს ბელგრადში და სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს თბილისში.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მხრიდან ბელგრადში დიპლომატიური წარმომადგენლის წარგზავნისა და საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში. მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა სერბ და ქართველ ხალხს შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირებს, რომელსაც საფუძვლად უდევს საერთო ფუნდამენტური ფასეულობებისადმი ერთგულება. „ სერბ და ქართველ ხალხს აკავშირებს როგორც ისტორიული წარსული და კულტურული კავშირები, ასევე აერთიანებს ევროპული ფასეულობები და საერთაშორისო სამართლის უნივერსალური პრინციპების პატივისცემა.“-განაცხადა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, შეხვედრაზე , ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ მიმართულებას. მხარეების მიერ დადებითი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ მთავრობათაშორის ეკონომიკურ კომისიას, რომლის საინაუგურაციო სესია გაიხსნება თბილისში და საქართველო-სერბეთის რიგით მეორე ბიზნეს-ფორუმს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სერბეთთან აქტიურად თანამშრომლობს ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით, რის დადასტურებაც არის მიმდინარე წლის 18 აპრილს გამართული დიალოგი ევროკავშირის საკითხებზე. დავით ზალკალიანის თქმით, სერბ კოლეგასთან შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები. სერბეთის მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ. „ვისაუბრეთ კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებზე, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ურყევი კურსი, რომელიც მიმართულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისკენ. ჩვენ პრინციპულ პოზიციას ვინარჩუნებთ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“- განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში. ამ მხრივ უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას, რაზეც აქტიურად მუშაობს ორივე მხარე.
შეხვედრის დასასრულს დავით ზალკალიანმა სერბ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველო-სერბეთს შორის ურთიერთობების გააქტიურების ხელშეწყობაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.
„კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო მზაობა ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სერბი კოლეგის ვიზიტი დამატებით სტიმულს შესძენს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა პრესკონფერენციის დასრულებისას.
სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.