„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა
„განათლებული, პრინციპული, წესიერი ადამიანი, ერთ-ერთი, ვინც სიმართლისათვის ძალიან გრძელი გზა და ძალიან ბევრი გამოიარა“ – ასე წარადგინა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზესტაფონს მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე.
არჩილ თალაკვაძის თქმით, შუალედური არჩევნები იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას და “ქართულ ოცნებას” ესმის თავისი მოსახლეობის ხმა.
„როდესაც გიორგის ხელი ჩამოვართვი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რისიც ყოველთვის მჯეროდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. არის შეზღუდული გარემო, ჩვენ ყველამ ეს გარემო უნდა გავხსნათ და გავაუმჯობესოთ. თქვენ კარგად იცით რას ნიშნავს ქალაქისთვის კარგი მერი და სწორედ თქვენი ნება-სურვილით ტარდება აქ შუალედური არჩევნები. ეს არჩევნებიც არის ზუსტად იმის დასტური, რომ ხელისუფლებას და “ქართულ ოცნებას” ესმის თავისი მოსახლეობის ხმა, დაკვეთა და ასრულებს იმას, რაც სურს საზოგადოებას“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ზესტაფონისთვის გარემოს სავარაუდო მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მე უკვე მქონდა წინასწარი კონსულტაცია ბატონ გიორგისთან ამ თემაზე. ზესტაფონის მომავალი მერისთვის გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
„ჩემთვის დიდი პატივია იმ სტატუსით წარდგენა, რასაც ზესტაფონის მერობის კანდიდატი ჰქვია. მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა თავი წარმოვაჩინო ჩვენს მუნიციპალიტეტში. მჯერა თითოეული თქვენგანის, ისევე დამიდგებით გვერდში, როგორც აქამდე, ყველა იმ უსამართლობაში, რაც არ მოგვწონდა. ჩვენ ამისთვის ვართ ღია და მომართული, იმისთვის, რომ საქმე ვაკეთოთ“ – განაცხადა ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ.