2019 წელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით განსაკუთრებული წელია

03/04/2019

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. დედაქალაქის მერმა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე სკვერში ჯანსაღი ხეები იჭრება, სიცრუე უწოდა. კახა კალაძე საკრებულოს ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

„მომავლის თაობის პოლიტიკოსმა“ გააკეთა განცხადება, რომ კონკრეტულ მისამართზე – სკვერში თითქოს, ხეები იჭრება იმისთვის, რომ 12-სართულიანი კორპუსი აშენდეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტი იმ ზონის ფარგლებში ვითარდება, რა ზონაც არის მითითებული და დადგენილი ყოველგვარი კოეფიციენტის მატების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა „მომავლის თაობის პოლიტიკოსებმა“ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ასეთი „მომავლის თაობის პოლიტიკოსებისგან“. ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოადგილეს, მაია ბითაძეს სთხოვა, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

„ნამდვილად საოცარი ინფორმაცია გავრცელდა. ლევან ხაბეიშვილი სკვერში იმყოფებოდა და მიუთითებდა იმაზე, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე კორპუსი უნდა აშენდეს, რაზეც მოცულობა სპეციალური ზონალური შეთანხმებით, 12 სართულამდე არის გაზრდილი და ხეები იჭრება. ვფიქრობ, სირცხვილია მოსახლეობის ასეთი დონით შეცდომაში შეყვანა. გამომდინარე იქიდან, რომ კადრებში ასახული იყო სანიტარიული ჭრები, რომელსაც მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს, იმისთვის, რომ დაავადების კერები აღმოვფხვრათ. კადრებში ნაჩვენები იყო ზუსტად ეს ხეები, რომლებიც გუშინ „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ მოიჭრა. ეს ჭრები კვლავ გაგრძელდება და მიმდინარე წელს მცენარეების ჩანაცვლება მთლიანად მოხდება“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

რაც შეეხება სკვერის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობის საკითხს, მერის მოადგილის თქმით, აღნიშნული ინფორმაციაც აბსოლუტური სიცრუეა.

„ტერიტორია, რომელიც სკვერის მომიჯნავედ მდებარეობს და სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო ტერიტორიაა. უფრო მეტიც, საზოგადოებრივი-საქმიანობის ზონაა, სადაც ბევრად უფრო დიდი მოცულობის ობიექტი შეიძლებოდა აშენებულიყო. პროექტის მიხედვით, არცერთი ხე არ იჭრება. ძალიან დიდი დენდროლოგიური პროექტია შეთანხმებული, რომლის შედეგებს პროექტის დასრულების შემდეგ ვიხილავთ. ამიტომ, ვფიქრობ, ნამდვილად სირცხვილია, მოსახლეობის ამ დონით შეცდომაში შეყვანა“, – განმარტა მაია ბითაძემ.

თბილისის მერმა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დღეს დაიწყება.

„2019 წელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით განსაკუთრებული წელია. ამაზე ჩვენი დედაქალაქის ბიუჯეტიც მეტყველებს. მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება გვაქვს დაწყებული. ბევრიც წამოგვეწევა და უახლოეს მომავალში დავიწყებთ. დღეს ჩვენ ვიწყებთ კახეთის გზატკეცილის სრულ რეაბილიტაციას და აეროპორტიდან თბილისში შემოსასვლელი მონაკვეთი მთლიანად მოწესრიგებული იქნება. გასულ წელს კახეთის გზატკეცილის მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ახლა კი ცენტრალური გზა მოწესრიგდება, მთლიანად გამოიცვლება საფუძველი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა და ბორდიური. მოწესრიგდება გამწვანების ზოლი და ახალი LED განათებები დამონტაჟდება. დღეს არსებული ვითარება არც თუ ისე სახარბიელოა. არის კონკრეტული მონაკვეთები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მალე რეაბილიტირებული, განახლებული კახეთის გზატკეცილი გვექნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ საპატრულო პოლიციას თანამშრომლობისა და მოძრაობის უსაფრთხოებისთვის მადლობა გადაუხადა.

„სამუშაოების გამო, გარკვეული შეზღუდვები, რა თქმა უნდა, იქნება, თუმცა მოძრაობა სათადარიგო ზოლებშია გადართული, ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული და მოძრაობის პრობლემა არ შეიქმნება. ამას შესაბამისი სამსახურებიც გვეუბნებიან. აქვე საპატრულო პოლიციასაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი ქუჩა, უბანი, რაიონი, სადაც არსებობს ასეთი პრობლემები, მოსაწესრიგებელი მიწისქვეშა კომუნიკაციები. ყველაფერს ეტაპობრივად მივყვებით, რომ ყველა იმ გამოწვევას ვუპასუხოთ, რაც გვაწუხებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციაა, რომელიც თითოეულ პაციენტს „ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში“, 60 000-ის ნაცვლად, 70 ათასი ლარით დაუფინანსდება. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ოპერაციის დაფინანსება მისი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო და ერთი წლის განმავლობაში, მერიამ უკვე ათი პაციენტი დააფინანსა.

„დედაქალაქის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 60 ათასი ლარით აფინანსებს. ეს ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომლის განხორციელებაც ერთი წლის წინ დავიწყეთ. საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა – დაახლოებით, 120 000-ლარიანი და ჩვენ ნახევარს, 60 ათას ლარს ვაფინანსებთ. დღეიდან კი ცვლილება შემოგვაქვს და კიდევ 10 000 ლარს ვამატებთ. ანუ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 70 000 ლარით დაფინანსდება. გასულ წელს აღნიშნული პროგრამით ათი ოპერაცია დავაფინანსეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, დაფინანსებას საქართველოს ის მოქალაქეები მიიღებენ, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისში არიან რეგისტრირებულნი.

„ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ მხარში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს, თუმცა ვისურვებდი, რომ არავის არასდროს დასჭირდეს მსგავსი ტიპის ოპერაცია. აქვე მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო, რომ ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას რამდენიმე დავალება მისცა. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც, მისი თქმით, 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ქალაქს და მის სისუფთავეზე ზრუნავენ, მადლობა გადაუხადა. თბილისის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს დაავალა, მომზადდეს მხატვრული მინათების პროექტი პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით მდებარე შენობა-ნაგებობებისთვის.

„ალბათ, დაკვირვებული ხართ, რომ პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით ტერიტორია საკმაოდ მოუწესრიგებელია. ეს განსაკუთრებით ღამის საათებში ჩანს. მხედველობაში მაქვს მხატვრული განათება. წითელი, ყვითელი, ლურჯი – ეს არეული ფერები ხიბლს და სილამაზეს უკარგავს ამ კონკრეტულ ადგილს. არადა ეს ისტორიული ადგილია. მინდა დაგავალოთ, რომ გააკეთოთ პროექტი, რომ ეს ყველაფერი ერთიანობაში ჩაჯდეს, ერთნაირი განათება იყოს. ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ბარათაშვილის აღმართზე, რომლის რეაბილიტაციაც გავაკეთეთ, კლდის მხატვრულად მინათების სამუშაოების პროექტიც მოამზადოთ, რათა ესეც მოწესრიგებული იყოს. ეს ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ მართლაც ულამაზესი გამოვიდა და მიმაჩნია, რომ მხატვრული მინათების პირობებში ის უფრო მომხიბვლელი და შთამბეჭდავი გახდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან ახალი გზის მიმართულებით არსებული ტერიტორიის – მდინარე ვერეს ხეობის ფერდობის დასუფთავება სთხოვა, რომელიც ძირითადად, თამარაშვილისა და წყნეთის ქუჩის მოსახლეობის მიერ სამშენებლო ნარჩენით არის დაბინძურებული.

„ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად დავასუფთაოთ და მოვაწესრიგოთ ეს ტერიტორია. ასევე, მინდა, მოსახლეობასაც ვუთხრა, რომ ხევში ნაგვის გადაყრა კატეგორიულად მიუღებელია. ეს, პირველ რიგში, მათ უნდა გაითვალისწინონ, რადგან იქ ცხოვრობენ და არ მგონია, ვინმეს სიამოვნებდეს იმ პირობებში ცხოვრება, რაც ამ კონკრეტულ ადგილზე ხდება. ცოტა რთული რელიეფია, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ამ ტერიტორიის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლად უნდა დასუფთავდეს თბილისის გასასვლელ-შემოსასვლელები. არ არის კარგი მდგომარეობა და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას, ეპიდაფეთქების ლიკვიდაციისა და მისი გავრცელების პრევენციის მიზნით, წითელას საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდებს. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, 2019 წლის იანვრის შემდეგ გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მიუხედავად, მოსახლეობის დიდ ნაწილს წითელას საწინააღმდეგო იმუნიზაცია კვლავაც სჭირდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ვაქცინა და მომსახურება უფასოა.

„2019 წლის იანვარში დაიწყო წითელას ეპიდაფეთქების ლიკვიდაციისკენ მიმართული აცრების კამპანია. მიუხედავად განხორციელებული და მიმდინარე ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა, მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავაც სჭირდება წითელას საწინააღმდეგო გეგმიური და არაგეგმიური იმუნიზაცია. „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის განკარგულებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქვეყანა უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის ვაქცინით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0