ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა

01/04/2019

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. პროექტს, კონკურსში გამარჯვებული, საუკეთესო წინადადების მქონე ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ მოამზადებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა, ხოლო ფინანსური წინადადებების გახსნის ეტაპზე 3 კომპანია გადავიდა. მათგან საუკეთესო წინადადება, როგორც ტექნიკური ასევე, ფინანსური კუთხით ავსტრალიურმა კომპანია „სმექმა“ წარმოადგინა.
კომპანია „სმექი“ 1949 წელს დაფუძნდა და ავსტრალიური კომპანიის – SJ ჯგუფის წევრია, რომელშიც 14,500-მდე პროფესიონალია დასაქმებული. კომპანია 40-ზე მეტ ქვეყანაში 130-მდე ოფისითაა წარმოდგენილი. „სმექი“ ცნობილი საკონსულტაციო კომპანიაა, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით აზიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკაში და ავსტრალიაში. მას 1949 წლიდან 1974 წლამდე პერიოდში განხორციელებული აქვს ავსტრალიაში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსური ჰიდროელექტრო სამუშაოთა სქემა. კომპანიას დაპროექტებული აქვს ჯამში 145 კმ. გვირაბი, 2000 კმ. გზა და 80 კმ. აკვედუკი. „სმექი“-ს საქმიანობის სფეროს ხიდების გზების, აეროპორტების, რკინიგზის, გვირაბების, ჰესებისა და მეტროს პროექტირება წარმოადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა საშუალოდ 350-360 მილიონი დოლარია.
„სმექმა“ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაცია 7 თვეში უნდა მოამზადოს.
ანაკლიის გზისა და რკინიგზის პროექტის კონკურსი ორი ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე შეფასდა ტექნიკური წინადადებები (შეფასების წონა 80%-ით განისაზღვრა), ხოლო მეორე ეტაპზე – ფინანსური წინადადებები (შეფასების წონა – 20%-ს შეადგენდა).
კვალიფიციური კონტრაქტორის შერჩევის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო მომსახურების მიმწოდებელი განსხვავებული წესით შეარჩია. გამოცხადებული კონკურისის ფორმა შემუშავდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შესყიდვის პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ ლარს შედგენს. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა ნავსადგურის ოპერირების დაწყებამდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0