მცხეთის მუნიციპალიტეტში პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

25/03/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებისგან ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინა. ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. შალვა კერესელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან გელა ბაქრაძესთან და მის მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან ერთად, სოფელ მუხრანში და სოფელ ნატახტარში კულტურის სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში შენობებს სრული რეაბილიტაცია უტარდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, კეთილმოეწყობა ეზო და მიმდებარე ტერიტორია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პრინციპით. მხარის რწმუნებული სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო. პროექტი ითვალისწინებს შენობის გარე ფასადის განახლებას, ეზოს კეთილმოწყობას და მინი სტადიონის მოწყობას. პატარა ქანდის სკოლის სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოები შპს „სინენსის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
დღესვე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მუხრანის ახლადაშენებული საბავშვო ბაღი მოინახულა. ბაღი 6 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი და გასული წლის შემოდგომაზე ამოქმედდა. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, რეგიონში პროექტების მიმდინარეობას მუდმივ მონიტორინგს უწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0