ზურაბ ნასარაია, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

26/02/2019

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს გიორგი თოდუას და ირაკლი მოისწრაფეშვილს შეხვდა. შეხვედრაზე გაეცნენ თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამას, რომელშიც სამეგრელოს თხილის მწარმოებელ ფერმერებთან ერთად, წელს გურიის რეგიონის ფერმერებიც ჩაერთვებიან.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ თხილის სექტორში არსებულ ვითარებაზე, სახელმწიფო პროგრამასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე. „თხილის დაცვის“ პროგრამაში უნდა მოხდეს მოსახლეობის ჩართვა, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული თხილის ხარისხის გაუმჯობესებას და შესაბამისად გაიზრდება ადგილობრივების შემოსავლებიც. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს მავნებლის და სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ დროულად ჩაატარონ შესაბამისი სამუშაოები და თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ზარალი” – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამის განხორციელებაში ჩართულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, “აგრიჯორჯია”, USAID – და სხვები. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები და რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0