პრემიერ-მინისტრმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

23/02/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გვირგვინით შეამკო იალღუჯთან, კოჯორსა და ტაბახმელასთან 1921 წლის 17-24 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალი.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას – ჩვენი ახალგაზრდებისა, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპაციას. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და მათი გმირობის შედეგად არსებობს საქართველო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ პარლამენტის ეზოში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.
პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს ხარების სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0