თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს რამდენიმე საათში აღუდგება

18/02/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დაბა თიანეთში მაღალი ძაბვის ძალოვანი ტრანსფორმატორის შეცვლის სამუშაოებს პირადად გაეცნო. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. გუშინდელი საღამოდან, მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, თიანეთის მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ოპერატიულად მოხდა ხანძრის ჩაქრობა. ამ ეტაპზე „ენერგო პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენლები ძველი ტრანსფორმატორის ახლით შეცვლის სამუშაოებს აწარმოებენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

“მინდა მადლობა გადავუხადო შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ადექვატური რეაგირებისთვის და ოპერატიული მოქმედებისთვის. ამ მომენტში მიმდინარეობს ახალი ტრანსფორმატორის მონტაჟის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ თიანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება“ – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0