იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

18/02/2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის სტრუქტურაც კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

მისი განმარტებით, სამოქმედო გეგმაში ხუთი ძირითადი პუნქტია და ეს ხუთი პუნქტი კონკრეტულ საკითხებად იშლება, თითოეულ მათგანს გააჩია სტრატეგიული მიზანი, სტრატეგიული მიზნების ქვემოთ კი, მოცემულია კონკრეტული ამოცანები.

„პირველი ძირითადი მიმართულება ეს არის საკანონმდებლო საქმიანობა. საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში წარმოდგენილია ის კანონპროექტები, რომლებსაც მთავრობა გეგმავს რომ შემოიტანოს პარლამენტში, ასევე ის საკითხები, რომლებზეც მუშაობს იურდიულ საკითხთა კომიტეტი. ამ სამოქმედო გეგმის სიახლე გახლავთ ის, რომ ჩვენ პირველად გავწერეთ, თუ როგორი უნდა იყოს კომიტეტის სტრატეგიული მიზანი კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო საქმიანის სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრულია ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი საკანონმდებლო რეაგირება მისი დახვეწის მიზნით და საჭიროებისამებრ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება.

მეორე ეს გახლავთ კომიტეტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული იმ კანდიდატების განხილვა, რომელსაც ირჩევს საქართველოს პარლამენტი და სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის წამყვანი.

მესამე ძირითადი მიმართულებაა საკომიტეტო კონტროლის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს რეფორმათა მხარდაჭერას და ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელშეწყობას. მეოთხე მიმართულებად სამოქმედო გეგმაში გამოყოფილია კომიტეტის ღიაობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა. ჩვენთვის ძალიან ღირებულია, რომ ჩვენი საქმიანობა იყოს ღია და გამჭვირვალე. ჩვენ ანგარიშვალდებულ ვართი ჩვენი საზოგადოების წინაშე და საზოგადოება მკაფიოდ უნდა ხედავდეს თუ როგორ მუშაობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და მისი წევრები საკანონმდელო ორგანოში. ჩვენ კიდევ უნდა ვიზრუნოთ ამ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე როგორც საზოგადოებასთან, ასევე მედიასთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ბოლო საკითხი სამოქმედო გეგმაში გახლავთ კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა და ეფექტიანობის გაუმჯობესება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის მხარდაჭერისთვის.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი თანმდევ პროექტებთან ერთად.
საკანონმდებლო პაკეტი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითა წარმოდგენილი და ის სხდომის მონაწილეებს ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა გააცნო.
კანონპროექტით იქმნება ახალი საპენსიო სქემა, რაც გულისხმობს სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ თაობათა შორის სოლიდარობის სქემას, რომელიც განსაზღვრული სარგებლის სქემას წარმოადგენს. მასში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხოლო ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულისთვის.
პროექტის თანახმად, არსებული საპენსიო შენატანები შემდეგნაირად გადანაწილდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას სქემის მონაწილე თითოეულ დასაქმებულზე, საპენსიო ფონდში რიცხავს დაუბეგრავი ხელფასის ორ პროცენტს, რასაც ემატება სახელმწიფოს ასევე 2%-იანი შენატანი. თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპით (არსებული დასაქმებულები აფინანსებენ ხანდაზმულთა პენსიებს) სოლიდარობის სქემიდან პენსიების გაცემა მოხდება სქემაში ჩართვიდან მომდევნო წელს გასულ პენსიონერებზე, რომლებიც ერთი წელი მაინც იხდიდნენ თაობათა სოლიდარობის სქემაში საპენსიო შენატანს.
შემოთავაზებულ სქემაში პენსიების გაცემა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ეს იმიტომ, რომ თაობათა სოლიდარობის სვეტიდან მიღებული პენსიის ოდენობა ეფუძნება პენსიონერის სტაჟსა და დამსახურებას და არა უბრალოდ შენატანების აბსოლუტურ ფულად ოდენობას; ამასთან, ყოველწლიურად ფინანსდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიერ და არა პირის მიერ დაგროვილი თანხების მიხედვით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0