„თიბისი გალერეაში“ მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიმართა

15/02/2019

თბილისის მერიისა და თიბისი ბანკის თანამშრომლობით, „თიბისი გალერეაში“ გაიმართა ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის – Martin Parr Tbilisi პრეზენტაცია და გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“. ექსპოზიცია 71 წლის მანძილზე, „მაგნუმის“ წევრი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს. მათ შორის არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე ბრესონი, კარლ დე კეიზერი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო, რომელმაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პროექტის წარდგენის ისტორია გაიხსენა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო, როგორც სტუმარი ქვეყანა იყო წარმოდგენილი და მისი მთავარი სლოგანი იყო „ანბანით მოყოლილი საქართველო“, თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისი მოეყოლა სწორედ „მაგნუმის“ ფოტოგრაფების ფოტოებით და ასე წარმოედგინა ჩვენი დედაქალაქი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა. 1947 წლიდან მოყოლებული, 72 წლის განმავლობაში რა ფოტოებიც გადაღებულა თბილისში, ყველა ერთ სივრცეშია გამოფენილი. დღეს უკვე ყველა დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს ეს ფოტოები. ასევე, მნიშვნელოვანია მარტინ პარის მიერ დანახული თბილისი, რომელიც წიგნად გამოიცა. ის არის სოციალური ფოტოგრაფი და უნდა ვიცოდეთ, რომ აქ არის საუბარი არა ბრჭყვიალა თბილისზე, არამედ ყოფით თბილისზე. ძალიან დეტალურადაა ეს ყველაფერი გადმოცემული და ვფიქრობ, ბევრი უცხოელი აღმოაჩენს თბილისს სწორედ მარტინ პარის ფოტოებიდან“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ექსპოზიცია იწყება ფოტოებით, რომლებიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან ერთად თბილისში მოგზაურობისას გადაღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო Magnum Photos. გამოფენას მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები ასრულებს.
გამოფენაზე დამთვალიერებელმა ასევე იხილა პარიზში, „მაგნუმის“ ოფისში წიგნის მზადების პროცესის ამსახველი ვიდეორგოლი და თბილისში ვიზიტის დროს მარტინ პართან ჩაწერილ ინტერვიუ.
1980-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფი და პრესტიჟული სააგენტოს „მაგნუმის“ წევრი – მარტინ პარი საქართველოს, თბილისის მერიის მოწვევით, 2018 წლის ივნისში მესამედ ესტუმრა. წიგნი ფოტოგრაფის თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნა და ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან – „Prestel Publishing“-თან თანამშრომლობით, მიუნჰენში გამოიცა. წიგნში, ასევე, შევიდა მარტინ პარის მიერ თბილისში, 2009 წელს გადაღებული რამდენიმე ფოტო. წიგნის ტექსტი აკა მორჩილაძეს ეკუთვნის.
მარტინ პარმა ინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტისა და განსხვავებული ფერების გამო, პარი 1980-იანი წლებიდან ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფების სიაში მოხვდა და სააგენტოს – Magnum Photos ერთ-ერთი მთავარი წევრი გახდა.
საქართველოში ჩამოსვლამდე წიგნისა და გამოფენის პრეზენტაცია ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის მთავარ სცენაზე შედგა.
პროექტი თბილისის მერიის მიერ, თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის პარტნიორები არიან: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
გამოფენა „თიბისი გალერეაში“ 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0