კოეფიციენტების მატება და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვა აღიკვეთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დამკვიდრდა, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.
„რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. ჩვენი დღის წესრიგია, დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები: ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ წლების განმავლობაში, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოსური განაშენიანების პროვოცირებას. მერიის ახალი მენეჯმენტი წელიწადზე მეტია, რაც ოფიციალურად შევუდექით საქმიანობას. კა-2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ, სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ კა-2 კოეფიციენტით მანიპულაციები. როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც უნდა განვახორციელოთ მომავალში – იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა. ამის პარალელურად, ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი. ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი, ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუნველვყოფთ თბილისის სწორად განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა დარგის სპეციალისტებს და განსაკუთრებით სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართული იყვნენ კონსულტაციებში.
„მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის ერთი შეხედვით შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში მათ ბიზნესსაც აზარალებდა. კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს, გაიზიარეს და პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირეს მხარი. თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქალაქის ყველა გულშემატკივარს, კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თუ გულწრფელები ვართ საკუთარ ქალაქზე ზრუნვაში, თუ ერთსულოვნები ვართ გამოწვევების წინაშე, ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია. კიდევ ერთხელ გილოცავთ და აქვე გეტყვით, რომ ახლო მომავალში კიდევ არაერთ ასეთ სასიკეთო გადაწყვეტილებას შემოგთავაზებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.