სოფელ მუხრანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

11/02/2019

დღეიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება 200-ზე მეტი სერვისით, ციფრული და ბეჭდური წიგნებით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და საბანკო მომსახურებებით ისარგებლოს. სოფელ მუხრანში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი ამოქმედდა.
საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრთან ლოვრო კუშჩევიჩთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

„რეგიონში სახელმწიფო და კერძო სერვისებზე ხელმწისაწვდომობის ზრდა მნიშვნელოვანია. ახალი საზოგადოებრივი ცენტრი მუხრანის მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს საჭირო მომსახურებები, ადმინისტრაციული ერთეულიდან გაუსვლელად, კომფორტულ პირობებში მიიღონ. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ თანამედროვე ბიბლიოთეკითა და უფასო ინტერნეტით“ – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

მცხეთა-მთიანეთში პირველი საზოგადოებრივი ცენტრი 2017 წელს დაბა ფასანაურში ამოქმედდა. პროექტის მიზანია ადგილობრივებისთვის სახელმწიფო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0