„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებები ტარდება

04/02/2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრების სხდომების ჩატარება მიმდინარეობს. სხდომები, ამჯერად, სოფლებში – იჯარეთში, იმერთუბანში, გორგულში, სოფელ ადიგენში, ვარხანში, სოფელ აბასთუმანში, საღრძეში, ფარეხაში, ხარჯამში, წახანში, წახანწყაროსა და ქიქინეთში გაიმართა.
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით მოხდა. მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტული წინადადებიდან, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა პრიორიტეტული წინადადებები, რომელიც გულისხმობს:
სოფელ იჯარეთში შიდა გზების მოხრეშვა; სოფელ იმერთუბანში შიდა გზების რეაბილიტაცია; სოფელ გორგულში სარწყავი სისტემის მოწყობა; სოფელ ადიგენში შიდა გზების მოხრეშვა; სოფელ ვარხანში სკვერის მოწყობა; სოფელ აბასთუმანში სარწყავი სისტემის მოწყობა; სოფელ საღრძეში შიდა გზების მოხრეშვა; სოფელ ფარეხაში სკვერის მოწყობა; სოფელ ხარჯამში სასმელი წყლის შენობა-ნაგებობის მშენებლობა; სოფელ წახანში სასაფლაოს შემოღობვა და საპირფარეშოს მოწყობა; სოფელ წახანწყაროში სანიაღვრე არხების მოწყობა; სოფელ ქიქინეთში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვა.
სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია:
სასმელი წყლის სისტემები; სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიული შენობები; კულტურის ოებიექტები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; სასაფლაოს შემოღობვა; თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები; მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. საერთო კრებები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0