მეღვინეობით სახელგანთქმული იაპონური ქალაქის კაცუნუმას და ქალაქ თელავის მეგობარი ქალაქების სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს შეხვედრაზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იაპონელი მეღვინეების დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. დელეგაციას იამანაშის პრეფექტურაში მდებარე კაცუნუმა ჯოზოს მეღვიონეობის პრეზიდენტი არუგა იუჯი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის კულტურის მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება დარგის მარეგულირებელი სახელმწიფო უწყების ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაზე გაამახვილა.
„მივესალმებით მჭიდრო კავშირების არსებობას ღვინის წარმოებით სახელგანთქმულ ქალაქებსა და მეღვინეებს შორის. ჩვენი დიდი სურვილია მეღვინეთა საზოგადოებებთან მჭიდრო კომუნიკაცია“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა დელეგაციის წევრებს გაზაფხულზე, ქალაქ ტოკიოში დაგეგმილი ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ღონისძიებაზე მიიწვია.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული ვიზიტი და სტუმრობა ქვეყანაში, საიდანაც ღვინის წარმოება იღებს სათავეს. ჩვენთვის პატივია ღვინის სამშობლოს ტრადიციების უკეთ გაცნობა“ – აღნიშნა არუგა იუჯიმ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.