ხაშურის მუზეუმში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

25/01/2019

ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მურად მთვარელიძის წიგნის „დიმიტრი ყიფიანი-ლიტერატორი“ წარდგენა გაიმართა. ნაშრომში გაანალიზებულია დიმიტრი ყიფიანის სალიტერატურო მოღვაწეობა, მისი ორიგინალური შემოქმედება და თარგმანები. წიგნის რედაქტორმა, სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა თამაზ ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ დიდი მამულიშვილის შემოქმედების კვლევა უწყვეტი ციკლია და სასიამოვნოა, რომ ხაშურში ბევრი რამ კეთდება ამ კუთხით. წიგნის ავტორმა მურად მთვარელიძემ ისაუბრა დიმიტრი ყიფიანზე, როგორც მაღალი დონის ლიტერატორზე, პუბლიცისტსა და მოღვაწეზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა მადლობა გადაუხადა წიგნის ავტორს დიდი მამულიშვილის შემოქმედების კვლევაში გაწეული წვლილისათვის და, მუნიციპალიტეტის სახელით, თანადგომა გამოუცხადა მომავალ საქმიანობაში. სიტყვით გამოვიდნენ აგრეთვე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მამუკა წიქარიშვილი, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის დირექტორი კლარა გელაშვილი და სხვები.
წიგნი მცირე ტირაჟით გამოიცა მუზეუმის სახსრებით და საჩუქრად გადაეცა დამსწრე საზოგადოებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0