საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს ჯიმ კარს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების კუთხით, ასევე ქვეყნის მდიდარი ჰიდრორესურსები.
ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სავაჭრო ტენდენციებს, ასევე კანადის პოლიტიკას ვაჭრობის დივერსიფიკაციის მიმართულებით. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყნის უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში.
საუბარი შეეხო ვაჭრობისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს ძალისხმევას ამ პროცესში.
პრემიერმა და კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრმა ასევე იმსჯელეს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში შესაძლო თანამშრომლობაზე.
ჯიმ კარმა ქართული მხარე კანადაში მიიწვია საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო.
მამუკა ბახტაძე დავოსში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს შეხვდა
23/01/2019