საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვას რესპუბლიკაში ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.
მამუკა ბახტაძეს საულიუს სკვერნელისმა ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში უმასპინძლა.
პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.
ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ლიეტუვას რესპუბლიკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის წარმატებული რეფორმების გაზიარების მიმართულებით. აღინიშნა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების ერთობლივი განხორციელების პერსპექტივა.
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ფორმატები, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს, ასევე – ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა.
ქართულმა მხარემ ლიეტუვას ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია მონაწილეობდნენ.
საქართველოსა და ლიეტუვას პრემიერ-მინისტრებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივა განიხილეს
21/01/2019