ხაშურის მუნიციპალიტეტში დღეს, 17 იანვარს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებები ზემო და ქვემო ოსიაურში გაიმართა.
„არსებული პროგრამით არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდება. მნიშვნელოვანია , რომ სოფლის მოსახლეობა თავად არის ჩართული პროგრამაში და საზღვრავს პრიორიტეტებს. საქართველოს მასშტაბით, 3700 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს, სოფლის კრებებზე თავად ექნება საშუალება განსაზღვროს, თუ რა ტიპის პროექტი უნდა განხორციელდეს მის სოფელში. ამას გარდა მუნიციპალიტეტის მერიას არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაო აქვს დაგეგმილი, მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე. ადგილობრივი მაცხოვრებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესია პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში იწყება. ესაა ოსიაურში წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება, პროექტის არსებობაში დიდი წვლილი მიუძღვის შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას.“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.
კრებებს, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
კრებების მიმდინარეობისას გამოიკვეთა პრიორიტეტები. პროცედურის თანახმად, მოსახლეობამ არჩევანი კენჭისყრით დააფიქსირა. კერძოდ, ქვემო ოსიაურში შიდა გზების მოხრეშვა, ხოლო ზემო ოსიაურში სკოლის ეზოში სანიაღვრე არხის მოწყობა და სოფლის ჩიხის მოხრეშვა. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
მნიშვნელოვანია რომ, არსებობს შერჩეული პროექტების თანადაფინანსების შესაძლებლობა, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებიდან.