დუშეთის მუნიციპალიტეტში, კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა უკვე რამოდენიმე დღეა აკრძალულია. დაბა ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით მანქანაა გაჩერებული.
დღეს, ადილზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. მათ გაჩერებული ავტომანქანების მგზავრები მოინახულეს და მიიღეს გადაწყვეტილება 50 კაცზე გათვლილი კარვის განთავსების შესახებ, სადაც მგზავრები მოახერხებენ გათბობას და ცხელი საკვების მიღებას.
გუშინ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, უამინდობის გამო გზაში დარჩენილ მგზავრებს საკვები პროდუქტი დაურიგდა. ასევე, არასრულწლოვანი ბავშვები მშობლებთან ერთად განთავსებულნი არიან საოჯახო ტიპის სასტუმროში.
მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს მუშაობა, რათა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დროულად დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები და მგზავრებმა შეძლონ გადაადგილება.
ჟინვალის ტერიტორიაზე 50 კაცზე გათვლილი კარავი განთავსდება
17/01/2019