მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე 2019 წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის წარმატებით განხორციელების გზებზე იმსჯელეს.
ძირითადი აქცენტი იმ პროექტებზე გაკეთდა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს პრიორიტეტად განისაზღვრა. მათ შორისაა გზების რეაბილიტაცია, სკოლებისა და საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, წყალმომარაგების მოწესრიგება და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
მხარის რწმუნებულის თქმით, მიმდინარე წლის პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურადაა მორგებული. რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად იმუშავებს, რათა სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს.