დღეს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი

12/12/2018

ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია. მოლაპარაკაბებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს ყველა იმ გამოწვევას, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა აწყდება რუსეთის მხრიდან უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შედეგად.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გალსა და ახალგორში, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. საქართველოს წარმომადგენლები დასვამენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხს და ყურადღებას გაამახვილებენ სოფელ ატოცში მიმდინარე უკანონო პროცესებზე. ქართველი მონაწილეები კვლავ დააყენებენ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხს.
საქართველოს დელეგაცია ვრცლად ისაუბრებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციის პროცესზე და მოითხოვს მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებას. დღის წესრიგის ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების უპირობოდ, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით აღდგენას.
წინა დღეს საქართველოს დელეგაციამ გამართა ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან. 11 დეკემბერს გაიმართა ასევე საინფორმაციო სესია თემაზე „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“, რომლის დროსაც განხილულ იქნა ქალთა ჩართულობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ხაზი გაესვა კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემებზე მუშაობის აუცილებლობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0