მოვუწოდებ ყველას, დაიცვას კანონის მოთხოვნები

27/11/2018

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:
“ხვალ ჩვენს ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტრადიციად იქცა და ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს. ხვალ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს. თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება. მოგეხსენებათ, რომ არჩვენების დღე, 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოვაცხადეთ. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი. ასევე, მივმართავ ყველა დამსაქმებელს, ხელი შეუწყოს, რომ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და არ შეეზღუდოს კანონით გარანტირებული უფლება.
ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული.
მოვუწოდებ ყველას, დაიცვას კანონის მოთხოვნები, არ შექმნას საარჩევნო პროცესში ისეთი ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას, საფრთხეს შეუქმნის და ჩრდილს მიაყენებს არჩევნების პროცესს. ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო იმოქმედებს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით.
ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში თავისი მოვალეობის შესრულებისას აჩვენეს უმაღლესი სტანდარტი, ამჯერადაც უზრუნველყონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალური წესრიგი, რეაგირების გარეშე არ დატოვონ და საჭიროების შემთხვევაში დროულად აღკვეთონ ნებისმიერი კანონდარღვევა.
მინდა მივმართო ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ყველა მედიასაშუალებას, რომ ხელისუფლება მათთვის უზრუნველყოფს არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგისა და გაშუქების დაუბრკოლებლად განხორციელების პირობებს.
მოგეხსენებათ, რომ პირველ ტურში მე პირადად ვთხოვე ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მათ გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ ასეთი ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ 28 ნოემბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ქართული სახელმწიფოს კიდევ ერთ გამარჯვებას ნიშნავს”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0