თიანეთი ახმეტას განახლებული გზით დაუკავშირდება

14/11/2018

თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ 30 კმ-იან გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა. ასევე, იგეგმება 2 ახალი ხიდის აშენება და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია. მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა დაათვალიერეს.
პროექტის განხორციელების შემდეგ, თიანეთი ახმეტას განახლებული და კომფორტული გზით დაუკავშირდება. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მისი ღირებულება 18 965 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც 20 ადამიანია დასაქმებული. პროექტი 2019 წლის თებერვალში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0