ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრად ქართველი კანდიდატი ია დადუნაშვილი აირჩიეს. ეს „GRETA“-ში საქართველოს კანდიდატის არჩევის პირველი შემთხვევაა. ქართველი კანდიდატის გარდა, ექსპერტთა ჯგუფში, რომელიც მონიტორინგს უწევს სახელმწიფოთა მიერ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის“ მოთხოვნათა შესრულებას, იტალიელი, ფრანგი, ავსტრიელი, ბულგარელი, მოლდოველი და ირლანდიელი ექსპერტები მოხვდნენ.
ექსპერტთა ჯგუფის წევრად საქართველოს კანდიდატის არჩევა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა ევროპის საბჭოს მხრიდან. „GRETA“-ს 2016 წლის ანგარიშში ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მაღალი შეფასება მისცა ადამიანით ვაჭრობის მიმართულებით პოლიტიკის დახვეწას საქართველოში; „მონობის გლობალური ინდექსის“ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით კი, ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად საქართველო 167 ქვეყანას შორის − მე-15, რეგიონში კი პირველ ადგილს იკავებს.
„GRETA“-ს ახალი წევრები 4 წლის ვადით ევროპის საბჭოს მხარეთა კომიტეტმა შეარჩია. 7 ვაკანტურ ადგილზე 16 ქვეყნიდან 24 კანდიდატურა იყო წარდგენილი ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, კვიპროსიდან, დანიიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან, მოლდოვადან, ჰოლანდიიდან და ესპანეთიდან.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ კანდიდატი საქართველოდან გამოირჩევა მაღალი მორალური თვისებებით, ცნობილია თავისი კომპეტენტურობით ადამიანის უფლებების დაცვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით და აქვს პროფესიული გამოცდილება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციით“ გათვალისწინებულ სფეროში.
საქართველოს წარმატებას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის გარდა, არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიში ადასტურებს:
2018 წლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც ევროკავშირისა და დასავლურ სახელმწიფოებთან ერთად პირველ კალათაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა სისტემატურად ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს;
ამავე ანგარიშში საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიუსაფარი ბავშვების პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით საუკეთესო მაგალითად დასახელდა;
ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ეროვნულ რეფერალურ მექანიზმს წარმატებულ მოდელად აფასებს ეუთო-ს დემოკრატიულ დაწესებულებათა და ადამიანის უფლებათა ოფისი. ქართული მექანიზმი ეუთო-ს სახელმძღვანელო დოკუმენტშიც მოხვდა.
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრად ქართველი კანდიდატი აირჩიეს
12/11/2018